პაციენტის საინფორმაციო სახელმძღვანელო
როგორ მუშაობს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარება ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო მოგცემთ სწრაფ მიმოხილვას და ასევე გაჩვენებთ, თუ როგორ მუშაობს ლიოტონი® 1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.
პაციენტის ბროშურა: გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი შეფუთვაში: გამოყენების ინსტრუქცია
ლიოტონი® 1000 სე/გ გელი
ჰეპარინის ნატრიუმი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
ყოველთვის გამოიყენეთ ინსტრუქციის მიხედვით ან როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი გეტყვით.
- შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა განმეორებით წაკითხვა დაგჭირდეთ.
- თუ რჩევა ან მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, გაესაუბრეთ ფარმაცევტს.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმ შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩათვლით, რაც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. იხ. სექცია 4.
- თუ 7 დღის შემდეგ უკეთესობას არ გრძნობთ ან პირიქით, უარესადაც კი ხართ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
რა ინფორმაციაა ინსტრუქციაში
1. რა არის ლიოტონი® 1000 გელი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ლიოტონი® 1000 გელის გამოიყენებამდე
3. როგორ უნდა გამოიყენოთ ლიოტონი® 1000 გელი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ ლიოტონი® 1000 გელი
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ლიოტონი® 1000 გელი და რისთვის გამოიყენება
ლიოტონი® 1000 გელის აქტიური ნივთიერებაა ჰეპარინი (ჰეპარინის ნატრიუმი). ლიოტონი® 1000 კანზე წასასმელი გელის ფორმითაა. ჰეპარინი, დაზიანებულ ადგილზე წასმისას, ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას ზედაპირულ ვენებში, აუმჯობესებს ადგილობრივ მიკროცირკულაციას (სისხლის მიმოქცევას მცირე სისხლძარღვებში) და ამცირებს შეშუპებას.
ლიოტონი® 1000 გელი გამოიყენება ზედაპირული ვენური დაავადების სიმპტომების სამკურნალოდ (მაგ. ვარიკოზული ვენების და მათი გართულებებისათვის დამახასიათებელი ნიშნები: დაზიანებულ ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნა ვენის კედლების ანთებასთან ერთად ან მის გარეშე; მოსაზღვრე ქსოვილების ვენების ანთება და ვარიკოზული ვენების მფარავ კანზე წყლულების გაჩენა), ქირურგიული ჩარევის შემდეგ ვენების კედლების ანთების მკურნალობა (მაგ. დალურჯება და შეშუპება), ტრავმის და გაჭიმვის შედეგად შეშუპების და დალურჯების შემცირება.
ლიოტონი® 1000 გელი შეიძლება გამოიყენოთ ცალკე ადგილობრივი მკურნალობისთვის ან კომბინაციაში სისტემური მკურნალობისთვის.
2. რა უნდა იცოდეთ, სანამ ლიოტონი® 1000 გელს გამოიყენებთ
არ გამოიყენოთ ლიოტონი® 1000 გელი
- თუ ალერგია გაქვთ ჰეპარინზე ან ამ მედიკამენტის რომელიმე შემადგენელ ნივთიერებაზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში)
სიფრთხილის ზომები
გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ სისხლდენისადმი გაზრდილი მიდრეკილება გაქვთ, ლიოტონი® 1000 გელით მკურნალობა ექიმმა ყურადღებით უნდა მართოს.
- თუ ლიოტონი® 1000 გელის გამოყენების შემდეგ განვითარდა ალერგიის (ჰიპერმგრძნობელობის) ნიშნები, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.
- თუ გაქვთ ღია ჭრილობა, სისხლდენა ან ინფექცია კანის დაზიანებულ არეში, არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი. ასევე, ლიოტონი® 1000 გელი არ უნდა გამოიყენოთ კანით დაუფარავ უბნებზე (მაგ. პირის ღრუში, გენიტალიებზე).
ბავშვები და მოზარდები
ლიოტონი® 1000 გელის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფებში მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ლიოტონი® 1000 გელის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ იღებთ პერორალურ ანტიკოაგულანტებს (მაგ. მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის). ამ შემთხვევაში, ჰეპარინის წასმა კანზე გაახანგრძლივებს თრომბის წარმოქმნის დროს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
ლიოტონი® 1000 გელის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში არ არსებობს. თუ ორსულად ხართ, ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ აზრი თქვენს ექიმს ჰკითხეთ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ლიოტონი® 1000 გელი გავლენას არ ახდენს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E216), ნეროლის მჟავას და ზეთს.
ეს მედიკამენტი შეიცავს კონსერვანტებს: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E216). მათ ალერგიის გამოიწვევა შეუძლია, სავარაუდოდ დაყოვნებული ტიპის. ასევე შეიცავს არომატიზატორებს: ციტრალი, ციტრონელოლი, კუმარინი, d-ლიმონენი, ფარნესოლი, გერანიოლი, ლინალოლი. ამ ნივთიერებებს შეუძლია ალერგიის გამოწვევა.
3. როგორ გამოვიყენოთ ლიოტონი® 1000 გელი
მედიკამენტი ყოველთვის ისე გამოიყენეთ, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება და გამოყენების მეთოდი
გელი წაისვით დაზიანებულ ადგილზე დღეში 1-3-ჯერ და ნაზად შეიზილეთ. რეკომენდებულია 3-დან 10 სმ-მდე სიგრძის გელის ხმარება. თუ 7 დღის შემდეგ სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს.
თუ ლიოტონი® 1000 გელი დადგენილზე მეტი დოზით გამოიყენეთ
დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია არ არის. ასეთ შემთხვევაში ჰეპარინის ეფექტის განეიტრალება შესაძლებელია პროტამინის სულფატით.
თუ ლიოტონი® 1000 გელის გამოყენება დაგავიწყდათ
თუ ლიოტონი® 1000 გელის წასმა დაგავიწყდათ, გამოიყენეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დოზის გამოტოვების შემთხვევაში.
თუ ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვები გაქვთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ჰეპარინის კანზე წასმის შემდეგ ალერგიული რეაქციის განვითარება ძალიან იშვიათია (10 000 პაციენტზე 1 შემთხვევა). ცალკეულ შემთხვევებში (ინფორმაციის არარსებობის გამო მოსალოდნელი სიხშირის განსაზღვრა ვერ ხერხდება), შეიძლება განვითარდეს კანის სიწითლე და ქავილი, როგორც ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია. ეს რეაქცია სწრაფად ქრება წამლის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება.
თუ რაიმე გვერდითი მოვლენა გაგივითარდათ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მათ შორის ნებისმიერი ისეთი გვერდითი ეფექტიც, რომელიც არ არის შეტანილი წამლის ინსტრუქციის ჩამონათვალში. ასევე გვერდითი მოვლენები შეგიძლიათ აცნობოთ აღრიცხვის ეროვნული სისტემის საშუალებით, რომელიც მე-5 დანართშია ჩამოთვლილი. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის დაგროვებას.
5. ლიოტონი® 1000 გელის შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისგან შორს მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ტუბზე. ვადის გასვლის თარიღად ითვლება მოცემული თვის ბოლო დღე.
მედიკამენტს არ სჭირდება შენახვის განსაკუთრებული პირობები.
ნუ გადააგდებთ პრეპარატს კანალიზაციაში. გადაგდების წესის შესახებ ჰკითხეთ თქვენს ექიმს, რათა არ დააბინძუროთ გარემო.
6. ლიოტონი® 1000 გელის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლიოტონი® 1000 გელი
- აქტიური ნივთიერებაა ჰეპარინის ნატრიუმი 100 000 ერთ 100 გ გელში.
- სხვა შემადგენელი ნივთიერებები: ეთილის სპირტი, კარბომერი, ტროლამინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ნარინჯის ყვავილის ზეთი (ნეროლის ზეთი - შეიცავს ლინალოლს, ლიმონენს, გერანიოლს, ციტრალს, ციტრონელოლს და ფარნეზოლს), ლავანდის ზეთს (შეიცავს ლინალოლს, ლიმონენს, გერანიოლს და კუმარინს), გამოხდილ წყალს.
როგორ გამოიყურება ლიოტონი® 1000 გელი და შეფუთვის შემადგენლობა
ლიოტონი® 1000 გელი არის უფერო ან ღია მოყვითალო ფერის, თითქმის გამჭვირვალე არომატული ჟელე.
ტუბი შეიძლება იყოს: 30გ, 50გ ან 100გ.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
A.Menarini Industrie Farmaceutiche Riunite
s.r.l. Via Sette Santi, 3
50131 Firenze, Italy
მწარმოებელი:
A. Menarini Manufacturing Logistics and
Services S.r.l.
Via Sette Santi, 3
50131 Firenze, Italy
გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 09/2018